შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი არ ეთანხმება ფონდის დირექტორის, თეიმურაზ დოჭვირი გუშინდელ გამოსვლას და ამბობს, რომ პარტნიორებთან ისეთ სიტუაციაში არ უნდა შეიყვანო ურთიერთობა, რომ თანამშრომლობა საფრთხის წინაშე დააყენო.
გაბიტაშვილი გერმანული ფონდების დახმარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
"[დოჭვირის გამოსვლას] არ ვეთანხმები... მე სხვანაირად გამოვიდოდი, არ ვიცი.
გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსი მეცნიერებისა და ახალი კადრების გაზრდის თვალსაზრისით. ის ღონისძიება ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან ერთობლივი ღონისძიება იყო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა ბევრ ქართველს მისცა საშუალება გერმანიაში კვლევითი სტაჟირება გაევლო და სხვა ტიპის კონკურსებიც ჰქონდა...
პარტნიორთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანულ ფონდებზე, რომლებიც ყოველთვის ჩვენი პარტნიორი იყო, აქედან გამომდინარე, პარტნიორები როდესაც ერთად გამოდიან ისინი მინიმუმ წინასწარ შეთანხმებულები არიან. ურთიერთობის დეფიციტი დავინახე პარტნიორებს შორის, რაც არ მომწონს.[ ...]
მე არ ვეთანხმები მას, რომ რაღაცა საკითხზე პარტნიორთან ისეთ სიტუაციაში შეიყვანო ურთიერთობა, რომ საფრთხის წინაშე დააყენო ეს თანამშრომლობა"- თქვა გაბიტაშვილმა.
თუმცა, თავის მხრივ, გაბიტაშვილი ამბობს იმასაც, რომ კანონის მიღებით ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია.
"არა, ეს გამოჩნდება მომავალში. ამ წუთში ვერ ვიტყვი ცალსახად. მგონია, რომ ყოველთვის არსებობს კრიზისიდან გამოსვლა (თუ ალა ამას აღვიქვამთ კრიზისიდან იმიტომ, რომ ერთნაირად არ აღიქმება ყველა მხრიდან ეს მოვლენები). გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამ კრიზისიდანაცაა გამოსავალი და მგონია,რომ გათვლილი აქვთ როგორ გამოვიდნენ და ევროპული გზიდან ვერ გადაუხვევს, არ გადაუხვევს"- თქვა მან.
29 მაისს DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაუხვევია, მის გამოსვლას დარბაზში უკმაყოფილებით შეხვდნენ.